28 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
შეთანხმების შესრულება ახალი საარჩევნო კოდექსით უნდა დაიწყოს, რომელსაც მართლმსაჯულების რეფორმა მოჰყვება - მიხაელ გალერი

ბრიუსელიდან კვლავ ისმის მოწოდება, რომ ხალხის მიერ არჩეული ყველა დეპუტატი პარლამენტში შევიდეს. ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, რეფორმების დაწყების დასაწყისია, ამიტომ, ყველა პოლიტიკურმა მოღვაწემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ევროპარლამენტის წევრი მიხაელ გალერის განცხადებით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება საარჩევნო კოდექსისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით უნდა დაიწყოს. 

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კახა კუჭავამ მოირგო პარლამენტის თავმჯდომარის როლი, როგორც ნეიტრალურმა სპიკერმა, რომელიც მიმართავს წესებს არა პარტიული ნიშნით. უდავოდ, არის განზრახვა, რომ შეიტანოს წვლილი ამ პროცესის გაგრძელებაში და შეთანხმება ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულდეს. ეს უნდა დაიწყოს, როგორც ახლა ვისაუბრეთ, საარჩევნო კოდექსით. რასაც მართლმსაჯულების რეფორმა მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,"- განაცხადა გალერიმ. 

ევროპარლამენტის წევრის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, საქართველოს მდგრადი პოლიტიკური ცხოვრება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საწინდარი იქნება. 

"ვფიქრობ რომ ახლა თქვენ, თქვენს პოლიტიკურ ლიდერშიფს ახალი დრაივი უნდა გქონდეთ. თუ დაიწყებთ უფრო მდგრადი პოლიტიკური სისტემის მშენებლობას, ფართო შეთანხმების საფუძველზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის შესაძლო წევრობაზე, თქვენ მიაღწევთ ამ მიზნებს. წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ნატოს წევრებზე, ეს ასევე დამოკიდებულია ქართულ მხარეზე,"-განაცხადა მან. 

ევროპარლამენტის წევრის, ურმას პაეტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოს დემოკრატია იყოს მყარი და მხარეებს შორის კონფლიქტი დასრულდეს. 

"თუ შეხედავთ გეოპოლიტიკურ ვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ამას ემატება თქვენი კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ომი უკრაინასთან გრძელდება და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოს გარშემო საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობა, უახლოეს მომავალში უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დემოკრატია იყოს ძლიერი. ის კონფლიქტი, რაც ვნახეთ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, უნდა დასრულდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ პროცესს, რათა ქვეყანაში საპარალამენტო დემოკრატიამ, საბოლოოდ, ნორმალურად იფუნქციონიროს,"- განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისს დასრულდება.

დღის ამბები