28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
მერაბ ღოღობერიძესთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძესთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მერაბ ღოღობერიძემ დღეს თავის დაწვა სცადა, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს ეს ფინანსური პოლიციის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა მას შემდეგ სცადა, რაც უწყებაში გამომძიებელთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე:

"დღეს ქ. ბათუმში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოსთან მოქალაქე მ.ღ.-ს მიერ, პროტესტის მიუღებელი ფორმით განხორციელებულ ქმედებასა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული საზოგადოების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია.

სამართალდამცავი უწყება, აქტიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები