ალირეზა ფაზელი მონფარედს, 20 წლის ირანელ კაცს ოჯახმა თავი მოკვეთა - ირანული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მიზეზი ალირეზას სექსუალური კუთვნილება იყო.
მონფარედის დედასა და ახლო მეგობართან საუბრის შემდეგ ლგბტ ჯგუფმა 6Rang ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიჭი 4 მაისს მოკლეს - რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მისმა ნახევარძმამ შეიტყო, რომ ის გეი იყო. ალირეზას სურდა, თავი დაეღწია ირანის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის, რომ სხვა ქვეყნებში თავშესაფარი მოეთხოვა. ის უკვე გეგმავდა ქვეყნის დატოვებას, რაც მისმა ძმამ აღმოაჩინა ჯარის თავიდან ასარიდებლად მომზადებული საბუთები, სადაც მისი სექსუალობის შესახებ ეწერა. 6Rang-ის წარმომადგენლების თქმით, ალირეზა მისმა ნათესავებმა შორეულ სოფელში წაიყვანეს და მოკლეს.
20 წლის ბიჭის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, მომხდარის შესახებ სოციალურ მედიაში არაერთმა ვარსკვლავმა დაწერა.
მონფაერდი არაბულ-ირანული წარმომავლობის იყო და ქალაქ აჰვაზში ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო, თუმცა მამის წინა ქორწინებიდან ნახევარძმები ჰყავდა. ალირეზას ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი იყო, მის "ინსტაგრამზე" კი ჩანს, რომ ძალიან მოსწონდა ცნობილი დიზაინერების სამოსით პოზირება. ასევე, არ ერიდებოდა ექსპერიმენტული მაკიაჟით გაკეთებას, თუმცა - არა საზოგადოებაში.
ოჯახს არ მოსწონდა ის სტილი, რომლითაც ალირეზა სოციალურ ქსელში ჩნდებოდა. მონფარედი მეგობრებთან ჰყვებოდა, რომ მამის ოჯახი ხშირად ემუქრებოდა მოკვლით.
ის ირანიდან წასვლას ცდილობდა და ევროპაში ახალი ცხოვრების დაწყებას ოცნებობდა.
"იქნებ შვედეთში, ან ნორვეგიაში წავიდე..." - ამბობდა ბიჭი ერთ-ერთ აუდიოგზავნილში, რომელიც მეგობარს გაუგზავნა.
ჰომოსექსუალობა ირანში ფსიქიკურ დაავადებად არის მიჩნეული. გეიდ ყოფნა ქვეყანაში აკრძალულია და სიკვდილით ისჯება, თუმცა კანონი აძლევს უფლებას ჰომოსექსუალ მამაკაცს, თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს.
"მათ, ვისაც აქვთ განსაკუთრებული მდგომარეობა, შეუძლიათ, ჯარიდან გათავისუფლდნენ - მაგალითად, თუ აქვთ რაიმე დაავადება, აკლიათ კიდური, ან სხვა პრობლემები აქვთ," -ამბობს ირანის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი ჯასმინ რამზი.
მისივე თქმით, ირანში ჰომოსექსუალობაც ფსიქიკურ დაავადებად განიხილება და თუ შესამჩნევი და მარტივად დასადგენი იქნება, რომ ადამიანი გეია, ის, შესაძლოა, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლონ.
მონფარედი ამ შეღავათს უახლოეს დღეებში ელოდა და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, თუმცა როდესაც ჯარიდან საოცნებო წერილი მიიღო, მის ნაცვლად ის მისმა ნახევარძმამ წაიკითხა.
4 მაისს, მონფარედი გასამგზავრებლად ბოლო საჭირო შენაძენს აკეთებდა და წავიდა მაღაზიაში, რათა თავისი ტელეფონი გაეყიდა. მაღაზიის გარეთ, მანქანაში მას სამი ნათესავი მამაკაცი - ნახევარძმა და ორი ბიძაშვილი ელოდებოდა. უთხრეს, რომ მასთან მამას გადაუდებელი საქმე ჰქონდა და სახლში წაიყვანეს.
თუმცა, სახლის ნაცვლად 20 წლის ბიჭი მიყრუებულ სოფელში მიიყვანეს, სადაც ის დანით მოკლეს.
ამის შემდეგ, ალირეზას დაურეკეს და უთხრეს კონკრეტული ადგილი სოფელში, სადაც უნდა მისულიყო - თავმოკვეთილი ბიჭი დედამ მეორე დღეს იპოვა.
მძიმე შოკის გამო ალირეზას დედა კლინიკაში გადაიყვანეს. ბიჭის მკვლელობის გამო არავინ დაუკავებიათ.
ავტორი : თინათინ კაკიაშვილი