28 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
"მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვროს... იმედი მაქვს, ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს დმანისში არსებულ ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან იმედი გამოთქვა, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ იარსებებს.

"მათ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ ეს კონფლიქტი არ გადაზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში. დეტალების გარკვევის შემდეგ ამ ადამიანებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი.

მოსახლეობისგან ჩვენ მიმართ მომართვიანობა ინტენსიურად ხდება. ვალდებულებაც გვაქვს, გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც ჩვენდამი არსებობს.

რამდენადაც ვიცი, ეს ყოფით ნიადაგზე მოხდა. აქ ჩვენი მრევლია, გვიკავშირდებიან, ყველასთვის სასარგებლოა მშვიდობა და ყველა ამისკენ იყო მოწოდებული.

იმედი მაქვს, ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვროს. ეს არის ხალხი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ერთად და მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი როგორღაც უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მხარეთა შერიგების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს დმანისში ჩასვლისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა:

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს. იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. ჩამობრძანებული იყო მამამ ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი იყო ჩამობრძანებული, მეუფეები იყვნენ ჩართული და დიდი მადლობა მათ... მადლობა ღმერთს, მძიმედ დაშავებული არავინ არ არის“, – დასძინა მინისტრმა.

დღის ამბები