28 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
დმანისში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე არცერთი პირი არ არის დაკავებული - შს მინისტრის თქმით, გამოძიება გრძელდება

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული არავინ არის და დღეს არავის დაკავებას არ გეგმავენ. მინისტრი ამ წუთებში დმანისში იმყოფება. 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

თუ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულები, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პირები დააკავონ კიდეც. 

რაც შეეხება თავად ინციდენტს - მინისტრის თქმით, პოლიციელები 5-6 ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებული, დმანისში განვითარებულ მოვლენებში კი, მისი ინფორმაციით, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული პირებიც მონაწილეობდნენ. 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ცალკე საქმეა გამოყოფილი ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზეც.

მინისტრის ინფორმაციით, მხარეების დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა. 

დმანისში საპოლიციო ძალები კვლავ რჩებიან. 

"როდესაც ასეთი რამე ხდება, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და სანერვიულო. სამწუხაროდ, იყო ბევრი ადამიანი და ტელევიზია, რომლებიც ისე აშუქებდნენ - უბედურება ხდება, ხალხო, დროზე, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან პირიქით - ეთნიკურად აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს. ასეთი რამე ხდებოდა ზოგ ტელევიზიაში და სამწუხაროდ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ქართველები ვართ, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ძმები არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელებიც, არ შეიძლება კონფლიქტის ასეთი მიწოდება, თითქოს ინგრევა ქვეყანა, ამ დროს არ იყო ამისი 10%-იც კი," - ამბობს მინისტრი. 

დღის ამბები