28 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა - ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, რომელიც ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, მხარეებს შორის შეთანხება მიღწეულია 

საარჩევნო რეფორმის თაობაზე უმეტესწილად კონსენსუსი მიღწეულია - ამის შესახებ საუბრობენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად საარჩევნო რეფორმაზე მუშაობენ.

ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, რომელიც ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, მხარეებს შორის შეთანხება მიღწეულია. საარჩევნო კოდექსში ჩაიწერება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა ჰყავდეს ორი მოადგილე, მათგან ერთი იქნება არჩეული პროფესიული ნიშნით, მეორე კი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და სწორედ ეს უკანასკნელი შეასრულებს საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას. 

პოზიციების კიდევ უფრო დაახლოების მიუხედავად, რჩება განსხვავებული მიდგომებიც. ყველა ასეთ საკითხს მხარეები მანამდე შეაჯერებენ, ვიდრე საარჩევნო რეფორმაზე მომზადებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. ეს კი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მოხდება. კიდევ ერთი შეხვედრა ხელისუფლებას და ოპოზიციას ხვალ აქვს დაგეგმილი.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, არის რიგ საკითხებში განსხვავებები, რომელზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, რათა პოზიციების დაახლოება მოხდეს.

"ეს შეთანხმება არსებობს, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება მოადგილე. ეს წარმომადგენელი აირჩევა ოპოზიციის 5 წევრის მიერ, თუ 5 წევრი ვერ შეთანხმდა ოპოზიციის ამ მოადგილეზე, მაშინ აირჩევა წილისყრით. მოადგილე შეიძლება იყოს ორი, მაგრამ მოვალეობის შემსრულებელი მოადგილე იქნება ოპოზიციის მოადგილე,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ძირითად საკითხზე, რაც 19 აპრილის შეთანხმებას შეეხებოდა, პოზიციების შეჯერება მოხერხდა.

"ნებისმიერი ინტერპრეტაცია, თითქოს არსებული პროფესიული წევრებთან ცესკოში უნდა მოხდეს რაიმე ან გადამტკიცება, ან მათი მოხსნა ან ა.შ. არ შეესაბამება არანაირად ხელშეკრულების შინაარსს და არის ტყუილი. რაც შეეხება შეთანხმებას, ჩვენ, ყველა საკითხზე, რაც შეეხებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, შემიძლია ვთქვა, რომ შევთანხმდით. ვიცით, რომ ძირითადი საკითხი რაც იყო, ეს იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები