28 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ზუგდიდის მერი თანამდებობას ტოვებს - თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გიორგი შენგელია გადადგა

ზუგდიდის არჩეულმა მერმა სავარძელი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე დატოვა. მოგვიანებით, გიორგი შენგელიამ პოლიტიკურ გეგმებზე მედიასთან ისაუბრა და არჩევიდან 2 წლის შემდეგ გადადგომა გიორგი გახარიას დაუკავშირა.

გადამდგარი მერი იბრძოლებს თუ არა კვლავ ზუგდიდისთვის, ამჯერად, ყოფილი პრემიერის გუნდიდან, უცნობია. გიორგი შენგელიამ დღეს თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის და კერძო სექტორში ბრუნდება. ბევრი არაფერი უთქვამს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე, მხოლოდ ის, რომ ამ დროისთვის არ განიხილავს პარტნიორობას არც "ქართულ ოცნებასთან" და არც გიორგი გახარიასთან. ცოტა ხნის წინ თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემაც დატოვა.

5 დღის წინ "ქართული ოცნების" მხრიდან შევიწროებაზე გორის მერის მოადგილეებიც საუბრობდნენ და სწორედ ამ მიზეზით ხსნიდნენ თანამდებობების დატოვებას. გახარიას გუნდში დღეს არ დაადასტურეს, რომ ზუგდიდის ყოფილ მერთან კონსულტაციები ჰქონდათ, თუმცა არც სამომავლო თანამშრომლობა გამორიცხეს.

პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებული ბრალდებები მიუღებელი და გაუგებარია მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერები გახარიას გუნდის წევრებზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად უარყოფენ და ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევენ, რომ უსაფუძვლო განცხადებებით პოლიტიკური ქულები არ დაიწერონ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ ძალებშიც დარწმუნებული არიან და არც ყოფილ პრემიერს განიხილავენ ძლიერ კონკურენტად.

დღის ამბები