ისრაელის ქალაქი აშდოთი, რომელიც ღაზიდან 38 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სარაკეტო იერიშის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები.
საჰაერო იერიშები დილიდანვე განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პერიოდულად ისმის განგაშის ხმა. მერვე დღეა ახლო აღმოსავლეთი ყველაზე ცხელი წერტილია მსოფლიო რუკაზე. რაკეტების ძირითად ნაკადს "რკინის გუმბათი" იგერიებს და ჰაერში ანადგურებს, თუმცა ჭურვების ნაწილი მიწამდე მაინც აღწევს.
ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორთან 4 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ თავშესაფრიდან არ გავიდნენ. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ადგილობრივები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან, დადიან სამსახურში, თუმცა მხოლოდ ისეთ ობიექტებში, რომლებსაც თავშესაფარი აქვთ.
ღაზაში კი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ნანგრევებში ახლაც ეძებენ. ისრაელის ბოლო შეტევას 42 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ამ დროისთვის, სახმელეთო და საჰაერო დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 197, აქედან - 58 ბავშვი. ადგილობრივებს დაპირისპირება არ უნდათ. ფიქრობენ, რომ პრობლემა ამით ვერ გადაიჭრება.
ისრაელი გაჩერებას არ აპირებს. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, მისი ქვეყნის იერიშების სამიზნე ჰამასი, მიზანი კი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების შესუსტებაა. ამისთვის კი, ყველაფერს გააკეთებს.
ჰამასს ისრაელმა უკვე არაერთხელ შეუტია. დილიდან ქვეყანამ ღაზას მიმართულებით 55 რაკეტა გაისროლა. ამ დროისთვის განადგურებულია 100-ობით კილომეტრი გვირაბი, რომელსაც ჰამასი იერიშებისთვის იყენებდა. ისრაელის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ჰამასს 3 მეთაურით ნაკლები ჰყავს. იერიში 9 მეთაურის საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. მათ შორის ჰამასის ლიდერის იაჰა სინვარისა და მისი ძმის მუჰამედ სინვარის საცხოვრებლებზე."ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი იერიშის დროს სახლში ყოფილიყვნენ.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები აშფოთებს ვაშინგტონს. შეერთებული შტატები, მათ შორის ადმინისტრაციაც და სახელმწიფო დეპარტამენტიც მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.