28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ დმანისში დაპირისპირება ორგანიზებული იყო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელიც დმანისში იმყოფებოდა და დაპირისპირებულ მხარეებს ხვდებოდა, შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კონფლიქტი ამოწურულია.

სუბარი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო, ორგანიზებული იყო.

"არ ვიცი, რა მოხდა, არ ვიცი ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და ალბათ, გაეცემა ამ კითხვებს პასუხი.

ეს ადამიანები, ვინც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ და მათი ოჯახის წევრები ამას აბსოლუტურად ემიჯნებიან, თავიდანვე გამიჯნულები იყვნენ და ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, აქ ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ და ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულის, არც ადგილობრივების მიერ.

ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემენ ამ ვითარებას, მესმის, ზოგ ახალგაზრდას სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, თუმცა სინამდვილეში არაფერი ხდება - არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი გაუგებრობა, რომელსაც არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დმანისში დაპირისპირება გუშინ დაიწყო. გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები, სადაც სასურსათო მაღაზიასთან 2 ჯგუფის ჩხუბი ჩანს. კონფლიქტი ლუდის "ნისიად" ყიდვის თხოვნაზე მაღაზიისგან უარს მოჰყვა.

დღის ამბები