28 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც ალბათ აზრთა სხვადასხვაობა გახლავთ ნორმალური - არჩილ თალაკვაძე 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს პოზიციების დაახლოებას. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი 19 აპრილის შეთანხმება და ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნაა.

"ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის ერთი - ეს არის 19 აპრილის შეთანხმება და მეორე, ეს არის ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნა. ეს არის ის მთავარი ბაზისი, რაც არის. ამაზე არის მთავარი, რომ შევთანხმდეთ. ჩვენ დამატებითი კიდევ სხვა საკითხები გვაქვს გათვალისწინებული და შეთანხმებული. ასე რომ გარწმუნებთ, ის, რაც არის საფუძველი 19 აპრილის შეთანხმება და ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნა, ამასთან დაკავშირებით მთლიანად შევთანხმდებით,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს  შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია და უფრო გასაკვირია, თუ ყველა აპრტიის წარმომადგენელი ერთ აზრზე იქნებოდა. 

"საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც ალბათ აზრთა სხვადასხვაობა, მით უმეტეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, გახლავთ ნორმალური, უფრო გასაკვირი ის იქნებოდა, რომ სხვადასხვა პარტიები წარმოდგენილ სამუშაო ჯგუფში ყველა ერთ აზრზე ყოფილიყო და არანაირი კითხვები და დისკუსია არ იყოს, თუმცა რაც მნიშვნელოვანია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიშელის შეთანხმებით, მიღწეულ ძირითად შეთანხმებულ საკითხებზე შიგნით არსებობს რესურსი, რომ ერთიანი, შეჯერებული ვერსია მიიღოს,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, ცოტა ხანში გაირკვევა, რა ფორმით გაიგზავნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი საერთაშორისო ექსპერტებთან. სამუშაო ჯგუფი უკვე ერთი საათია შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. მხარეებმა დღეს პოზიციები უნდა შეაჯერონ და საარჩევნო რეფორმის ერთობლივი ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნონ.

დღის ამბები