28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
რა ფორმით გაიგზავნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი საერთაშორისო ექსპერტებთან - სამუშაო ჯგუფი შემაჯამებელ შეხვედრას მართავს 

რა ფორმით გაიგზავნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი საერთაშორისო ექსპერტებთან - სავარაუდოდ, ეს ცოტა ხანში გაირკვევა.  სამუშაო ჯგუფი უკვე ერთი საათია შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. მხარეებმა დღეს პოზიციები უნდა შეაჯერონ და საარჩევნო რეფორმის ერთობლივი ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნონ.

პოლიტიკოსებმა შემაჯამებელი შეხვედრის დაწყების წინ კომენტარები გააკეთეს და იმედი გამოთქვეს, რომ საერთო პოზიციებზე შეჯერებას შეძლებენ. ოპოზიციის წევრების განცხადებით, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც რჩება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ამასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.

ამბობენ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

“5-6 საკითხია, სადაც განსხვავებები რჩება. არის განსხვავებები დარჩენილი კერძოდ, საზოგადოებრივ სამეთვალყურეო საბჭოსთან დაკავშირებით, არის განსხვავებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომატური გადათვლა 10% უბნების,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადება აქვს პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს“.  

"ჩვენ გვაქვს ესეთი წინადადება, რომ არა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის მიერ დანიშნული მოადგილე ასრულებდე ცესკოს თავმჯდომარის  მოადგილეს ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ხოლო საარჩევნო პერიოდი თუ მოხდა იგივე შემთხვევა, მაშინ პროფესიული მოადგილე, იმიტომ რომ ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული არის პასუხისმგებელი და არჩევნების სწორად ჩატარებაზე მოქმედი კანონმდებლობით,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა უფრო კონკრეტულად საკითხის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"პრინციპულ საკითხებზე თითქმის მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება ადმინისტრაციას, რაც შეეხება არჩევნების დღეს, რაც შეეხება საჩივრებს, ოქმის ბათილობის საფუძველზე  და ოქმში ცვლილებების შეტანას, გადათვლის შესაძლებლობას და ა.შ. ყველაფერზე ამ შეხვედრის შემდეგ გამოვალ და დეტალურად ვისაუბრებ,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი კი ფიქრობს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება ნიშნები, შედგება თუ არა ყველა საკითხზე მხარეების პოზიციების შეჯერება.

"არსებობს რამდენიმე საკითხი, სადაც არის აზრთა სხვადასხვაობა. ვნახოთ როგორ შევთანხმდებით. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება უკვე საბოლოო კონტურები, შესაბამისად, კონსესუსი ყველა საკითხზე შედგა თუ ვერ შედგა,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები