28 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
როგორ უნდა მოიქცეთ როცა განგაშის სიგნალი ირთვება - სამოქმედო გეგმა ისრაელში მყოფთათვის

როგორ უნდა იმოქმედოთ განგაშის დროს - ისრაელში მყოფი მოქალაქეებს საქართველოს საელჩო მითითებებს კიდევ ერთხელ ახსენებს:

"სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები.

შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ.

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104,თვალი ადევნეთ საელჩოს ოფიციალურ ფბ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:

+972526919092; +972528888513; +972524440385; +972548620270

გისურვებთ მშვიდობას!"- ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები