28 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
COVID-19-ის ორმაგი მუტაცია ინდოეთში - მოსახლეობა ვირუსისგან თავის დაცვას ძროხის ფეკალიებით ცდილობს

ინდოეთი COVID-19-ის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 400 ათასამდე ინფიცირებული და 4 200 დაღუპული, ეს ინდოეთის გასული დღე-ღამის სტატისტიკაა. ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის შემდეგ, გუჯარატის მოსახლეობა ვირუსისგან თავის დაცვას ძროხის ფეკალიებითა და შარდით ცდილობენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ. ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მსგავსი ქმედებები სხვა დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.

ინდოეთის სამედიცინო ექსპერტების მტკიცებით, ინდური და ბრიტანული შტამების მუტაციის შედეგად წარმოიქმნა COVID-19-ის სახეობა, რომლის გავრცელება მაჰარაშტრადან იწყება და ინდოეთის სამხრეთ ტერიტორიაზე ვრცელდება. ახალი მუტაციური შტამი მარტის დასაწყისში გამოვლინდა, თუმცა საგანგაშო ფორმები ორი კვირის წინ შეიძინა, ინფიცირების მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა.

ზოგიერთ რეგიონში ლოკდაუნის გამოცხადებამ საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია, მოსახლეობას გაზრდილი ფასების გამო კვების რაციონის შემცირება უწევს.

COVID-19-ის ინდური შტამი სახელწოდებით B.1.617 მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინდური შტამი შემაშფოთებელი ვარიანტის კატეგორიას მიეკუთვნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, წევრ სახელმწიფოებთან ერთად ინდოეთის კრიზისიდან გამოყვანისთვის იბრძვის. მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი ქვეყანა ვაქცინის წარმოებაში, ახლა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატებს ევროპის ქვეყნებიდან იღებს.

 

დღის ამბები