28 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, შეთანხმების შესრულება გადამწყვეტი იქნება - დანიელსონი

ევროპის კიდევ ერთი გზავნილი თბილისს - ევროპარლამენტარები პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. 

"როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!" - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტარების მონაწილეობით ონლაინდისკუსია გაიმართა, რომელზეც შარლ მიშელის დოკუმენტი და მისი შემდგომი აღსრულება განიხილეს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა ქრისტიან დანიელსონმა აქცენტი გააკეთა შეთანხმებაზე, ამნისტიის კანონპროექტზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და სასამართლო რეფორმაზე.

დანიელსონი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

"19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა ექვსთვიანი პროცესი და გაჩნდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის რეალური შესაძლებლობა. დოკუმენტი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რამაც გრძელვადიანი გავლენა შესაძლოა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე. დიდი დრო დაეთმო საარჩევნო რეფორმის საკითხებს, რაც როგორც წარსულში, ისე აწმყოში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება ქართულ პოლიტიკაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული ნაბიჯები.

დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება კარგი დასაწყისია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური აქტორებისთვის იმის ახსნა, თუ რა იდგა საფრთხის ქვეშ და რატომ უნდა მომხდარიყო შეთანხმება ახალ დოკუმენტზე.

იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება. უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. ამასთანავე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს Covid პანდემიის მართვას, ეკონომიკის გაძლიერებას, გარემოსა და კლიმატის ცვლილებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს," - განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა.

ცნობისთვის, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დისკუსიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი ქრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შოთა დიღმელაშვილი და ბაკურ კვაშილავა.

დღის ამბები