28 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში - იუსტიციის სამინისტრო პროცედურებს განმარტავს

იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს.

"სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ -  სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხეილ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკანორ მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა საჩივარში დავობდა საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1) ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვისთვის; 2) ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3) ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4) 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო ათ წელში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული:

"2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს."- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები