28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
რაზე შეთანხმდა ორი ქვეყნის ლიდერი - ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში დავით გარეჯის საკითხი განიხილა

6 წლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში კვლავ პრემიერის სტატუსით დაბრუნდა, პრეზიდენტად კი კვლავ ილჰამ ალიევი დახვდა. მთიან ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ რეგიონალური მშვიდობა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს, თუ რაზე შეთანხმდა ორი ქვეყნის ლიდერი დავით გარეჯის ირგვლივ. 

ილჰამ ალიევს ოფიციალურ ნაწილში გარეჯზე არ უსაუბრია, მეზობელი ქვეყნის პირველმა პირმა ორმხრივ ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი თქმით, მთელი რეგიონი შეცვალა. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ისტორიული კეთილმეზობლობა მომავალშიც გაგრძელდება. დავით გარეჯზე მედიასთან მცირე კომენტარით ირაკლი ღარიბაშვილი შემოიფარგლა. როგორც პრემიერმა განაცხადა, საკითხი ძალიან მალე გადაწყდება.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები საკუთარ აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდნენ. აზერბაიჯანის პრემიერი თვლის, რომ ბაქოსა და თბილისის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. ერთ-ერთი რასაც ახლა ორი მხარე განიხილავს სავაჭრო ეკონომიკური კომისიისა და ბიზნეს ფორუმების ჩატარებაა. 

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები მოინახულა. "შეჰიდების ხეივანში" კი "მარადიული ცეცხლის" მემორიალი შეამკო.

პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში უკვე დასრულებულია, ლიდერები საერთო საქმეებზე მსჯელობას უკვე თბილისში გააგრძელებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია.

დღის ამბები