ინდოეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ, რომელიც COVID-19-ის ფონზე უკიდურესად რთულ ვითარებას ებრძვის, დასახმარებლად არმიას მიმართა.
დელის საავადმყოფოები, გადატვირთული ადგილებითა და სამედიცინო ჟანგბადის უკმარისობით, კრიზისულ ვითარებაშია.
ინდოეთის დედაქალაქის ხელისუფლებას სურს, რომ კოვიდის სამკურნალო ცენტრებს და განყოფილებებს სწორედ არმიამ უხელმძღვანელოს.
ინდოეთს COVID-19-ის გავრცელების უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვს. კორონავირუსის აფეთქების დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსით 20 მილიონი ადამიანი დაავადდა.
დელის ხელისუფლებას სურს, 10 000-მდე პაციენტისთვის განკუთვნილი ჟანგბადის განთავსების ობიექტები და 1000 ადამიანზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ჯარისკაცებმა განკარგონ და სამედიცინო დახმარებაც კოვიდპაციენტებს მათ გაუწიონ.
ინდოეთმა უკვე გასცა ბრძანება, რომ ჯარში არსებული ჟანგბადის რეზერვები, ასევე სამხედრო ექიმების ძირითადი რესურსი საავადმყოფოებსა და ჰოსპიტლებში მიმართონ.