28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ხმაური საოკუპაციო ხაზთან - რა ხდებოდა ხურვალეთის სასაფლაოზე

საოკუპაციო ხაზთან ისევ ხმაური იყო, ოღონდ ამჯერად დაძაბულობა რუსულ მავთულხლართებთან არა ოკუპანტების, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივების გამოჩენას მოჰყვა.

ხურვალეთელების ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამოქალაქო პირებმა საოკუპაციო ხაზი გუშინ რამდენჯერმე გადმოკვეთეს. ისინი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ სასაფლაოზე შესვლას და ხმაურობდნენ. სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ადგილზე მისულ პოლიციასაც. მომხდარი პროვოკაციის შემდეგ ხურვალეთელები შიშობენ, რომ სოფლის სასაფლაოზე გასვლის დროს შესაძლოა მათ პრობლემები შეექმნათ.

რა მიზანი ჰქონდათ ინციდენტში მონაწილე პირებს - ერთ-ერთი ვერსიით, მათ შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულზე რომელიმე საფლავთან მისვლა სურდათ, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს განსხვავებული მოსაზრებებიც აქვთ და ფიქრობენ, რომ მინიმუმ, რეალური მიზეზების გასარკვევად, ეს პირები პოლიციას უნდა დაეკავებინა.

ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტს და ის საბოლოოდ ქართველი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, თუმცა ხაზის გადმოკვეთას უარყოფს. უწყებაში "კურიერს" განუცხადეს, რომ გადაადგილება საოკუპაციო ხაზს მიღმა ხდებოდა. რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისინი ამბობენ, რომ ვითარება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაძაბული იყო.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ამ ეტაპზე ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება. დღის განმავლობაში რუსი სამხედროების ან ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების გადაადგილება შესამჩნევი არ ყოფილა. ტერიტორიაზე, მათ შორის სასაფლაოს მიმდებარედ, პოლიცია პატრულირებს.

დღის ამბები