28 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"სასულიერო პირები დავდივართ სასაფლაოზე და ვაკურთხებთ საფლავებს" - დეკანოზი არჩილ ხაჩიძე

მამა არჩილმა (ხაჩიძე) "დღის კურიერის" ეთერში სააღდგომოდ სასაფლაოზე შეკრების შეზღუდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა არა საფლავების მონახულება, არამედ თავყრილობისათვის თავის არიდება იყო. 

სასულიერო პირი, ასევე, ამბობს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები დღეს დილიდან აკურთხებენ საფლავებს.

"უნდა გავიაზროთ, რომ პრობლემა იყო არა იმდენად სასაფლაოების მონახულება, რამდენადაც თავყრილობისათვის თავის არიდება, ამიტომაც, თანდათანობით ალბათ, რამდენადაც საშუალება ექნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი მრევლის წევრებს, შეიძლება გავნაწილდეთ. ეს დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ თანდათანობით, ალბათ, ყველა გავალთ ჩვენი ახლობლების საფლავებზე, მოვინახულებთ და ვახარებთ მათ ქრისტეს აღდგომას და მათ ამის მოლოდინს.

სანუგეშოდ მინდა ვთქვა, რომ როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ისე სრულიად საქართველოში, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით და წმინდა სინოდის კურთხევით, სასულიერო პირები, რომლებიც ვმსახურობთ სასაფლაოებზე, ან იმ სასაფლაოზე, სადაც ტაძარი არ არის, მაგრამ, რომელთანაც ახლოს მდებარეობს რომელიმე ტაძარი, გავდივართ დღეს დილიდან ჩვენს სასაფლაოზე და ანალოგიურად სხვა სასაფლაოზეც, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში 3 მოძღვარი დავდიოდით მთელი სასაფლაოს მასშტაბით, მთელ პერიმეტრზე და ვაკურთხებდით ყველგან საფლავებს იმისათვის, რომ უყურადღებოდ არ დარჩენილიყვნენ ჩვენი წინაპრების და ახლობლების საფლავები,"- განაცხადა მამა არჩილმა (ხაჩიძე).

დღის ამბები