28 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ინდოეთსა და ბრაზილიაში ვირუსის გავრცელება უკონტროლო ხდება - ამ ფონზე დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 7.5%-ია აცრილი

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მსოფლიოში 800 ათასით იზრდება. აქედან ნახევარი ინდოეთზე მოდის. ქვეყანაში COVID-19-ის ორმაგი და სამმაგი მუტაციური ფორმები გავრცელდა. მძიმეა ვითარება ბრაზილიაშიც.

ინდოეთში კორონავირუსით ლეტალობის მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში პანდემიამ 3 700 პაციენტი იმსხვერპლა. ქვეყანაში საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. მთავრობამ ჟანგბადის იმპორტი პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადა. ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც დღე-ღამეში ინფიცირების 400 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინდოეთსა და ბრაზილიაში ვირუსის გავრცელება დღითიდღე უკონტროლო ხდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ბრაზილიაში ლეტალობის მაჩვენებელმა 400 ათასს გადააჭარბა. ტედროს ადჰარნომ მაღალი სიკვდილიანობა რეგულაციების ნაადრევი შემსუბუქებით ახსნა. იმის მიუხედავად რომ ინდოეთში ყოველდღიური მაჩვენებელი 5-ჯერ აღამატება ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობას, ლეტალობის რიცხვი თითქმის თანაბარია.

ევროპის ქვეყნები კოვიდ ვაქცინაციის პარალელურად რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობენ. გაერთიანებულ სამეფოში, ბელგიაში, შვედეთსა და იტალიაში ბარები რესტორნები და ღამის კლუბები გაიხსნა. შეზღუდვები კვლავ მოქმედებს საფრანგეთსა და გერმანიაში, ოფიციალური პარიზი და ბერლინი რეგულაციების შემსუბუქებას მაისის ბოლომდე არ გეგმავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 153 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 3 მილიონზე მეტი. ვაქცინაციის პროცესი კი კვლავ ნელი ტემპით მიმდირეობს. ამ დროისთვის დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 7.5%-ია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი. ჯანმო ქვეყნებს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები