28 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
განადგურებული ნათესები, დატბორილი სახლები და გზები - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვა და წვიმამ არა მხოლოდ ღია ნათესები, ვენახები და ხეხილის ბაღები, არამედ სათბურებში მოყვანილი მოსავალიც გაანადგურა, რადგან სეტყვის მსხვილ მარცვლებს გადახურულმა კონსტრუქციებმა ვერ გაუძლო. ზარალი თითოეულ შემთხვევაში ათობით ათასი ლარია.

გარდა იმისა, რომ მოსავალი სეტყვამ გაანადგურა, სურათი კიდევ უფრო მეტად დატბორვამ დაამძიმა. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე კაბალმა კალაპოტი შეიცვალა და როგორც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ასევე გზები, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მდინარე კაბალის კალაპოტიდან გადასვლის და დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. წინა შემთხვევების მსგავსად, ახლაც ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება მოხდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა. ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია, თუმცა, განმეორდება თუ არა იგივე უფრო დიდი მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში, პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

მოსავლის განადგურების და დატბორვის გარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. სეტყვისგან დამტვრეული სახურავები პირველ ეტაპზე პოლიეთილენის ერთჯერადი ზედაპირით შეფუთეს. ახლო მომავალში საჭიროა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია.

ათობით დაზიანებული სახლი და დაახლოებით 10 000 ჰექტარი ტერიტორია, ვენახების, ერთწლოვანი კულტურების, ხეხილის ბაღების, სათბურების და საკარმიდამო ნაკვეთების ჩათვლით. ეს პირველადი აღწერის მაჩვენებლებია, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსული სეტყვის, ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს ასახავს.

დღის ამბები