28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას იწყებს - პროცესში ჩართვას ახლადშესული ოპოზიციაც გეგმავს

მომავალი კვირა პარლამენტისთვის დატვირთული იქნება. კომიტეტები მომდევნო დღეებში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ. საუბარია იმ კანონპროექტზე, რომელიც "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. შენიშვნები და რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, ეუთო/ოდირისგან უკვე მიღებულია, განხილვაში სხვა ოპოზიციური ძალებიც ერთვებიან.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკრებულოებში იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა. იზრდება ცესკოს წევრთა შემადგენლობაც. ადმინისტრაცია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომლექტდება. ცესკოსა და საოლქო კომისიებში პარტიები წევრებს იმ შემთხვევაში დანიშნავენ, თუ კონკრეტული პარტია საარჩევნო ბარიერს გადალახავს და სულ მცირე ერთი წევრი მაინც ეყოლება, რომელიც პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებას განახორციელებს.

კანონპროექტის ავტორები, პარტია "მოქალაქეები" ამბობენ, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კოდექსის მისაღებად პარლამენტში ოპოზიციის მთელი შემადგენლობის ყოფნა და განხილვაში მათი ჩართვა აუცილებელია.

საარჩევნო რეფორმაზე ამ დრომდე მმართველ პარტიასთან ერთად, მხოლოდ პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მუშაობდნენ. შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პროცესში ჩართვას, სხვა ოპოზიციური, ბარიერგადალახული პარტიებიც გეგმავენ.

კოდექსში შესატან ცვლილებებში, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგვაც არის გათვალისწინებული. საარჩევნო ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის დანერგვის რეკომენდაცია აქვთ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირსაც. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დროის სიმცირის გამო საპილოტე პროექტი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მომხრეა დავით ზილფიმიანი, რომელიც სამუშაო ჯგუფის შეხვედრებისას ამ საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იმ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

დღის ამბები