29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია - იენს სტოლტენბერგი

საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია, ალიანსის მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატო ახლა უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში და ალიანსის 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ნატოს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა.

სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, განიხილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები და საქართველოსა და უკრაინისადმი ნატოს მხარდაჭერა.

"ჩვენი 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ნატოს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა. ეს მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცებას. მათ შორის, პარტნიორ საქართველოსთან. საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია და ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ალიანსისთვისაც, რადგან მნიშვნელოვანია საქართველოს კონტრიბუცია ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. ეს განსაკუთრებულად ეხება ავღანეთის მისიას, სადაც უკვე წლებია დიდი რაოდენობით ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ნატო საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს შავ ზღვაში.

ჩვენ საქართველოს უზრუნველვყოფთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით, ჩვენ ასევე გავაძლიერეთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროს მიმართულებით. არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ნატოსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების განხორციელება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება. ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო ახლა უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები