29 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
საქართველო და მსოფლიო ვაქცინის მოლოდინში - ქვეყანაში "კოვიდ-19-ის" გავრცელების დღიური სტატისტიკა კვლავ მზარდია

კომპანიამ, რომლის ვაქცინამაც ყველაზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა, ავტორიზაციაზე მოთხოვნა დღეს შეიტანა და "ეფ-დი-აისგან" მწვანე შუქს უკვე რამდენიმე კვირაში ელოდება.
რიგში დგას საქართველოც. თუმცა გაზაფხულამდე, როდესაც საქართველო ვაქცინას ელოდება, ჯერ წინ არის დეკემბერი და კორონავირუსის პიკი.

სანამ ქვეყანა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაიწყებს, "კოვიდ-19-ის გავრცელების დღიური სტატისტიკა კვლავ მზარდია. მხოლოდ ბოლო 24 საათში დაავადებას 37 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მზარდია მედიკოსთა ინფიცირების სტატისტიკაც. დღეს ვირუსი ლაგოდეხის კლინიკა "არქიმედეს" კიდევ 5 მედდას გეგმიური შემოწმებისას დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე სტაბილურია კოვიდინფიცირებული მსახიობის - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს.

რამდენიმე დღეში ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძემ ვირუსი უკვე უკვე დაამარცხა და კოვიდ გამოჯანმრთელებულად ითვლება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 135 584 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან ვირუსი უკვე დაამარცხა 113 986 პაციენტმა. ქვეყანაში "კოვიდ-19"-ს სულ 1267 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები