29 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
აზერბაიჯანიდან 100 ტონა თხევადი ჟანგბადია შემოტანილი - საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე

საქართველო თურქეთიდან ჟანგბადის წარმომქმნელ აგრეგატს ელოდება. წინასწარ ცნობილია, რომ ის პირველ ეტაპზე თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადანაწილდება. ამას გარდა, გადანაწილება ასევე მოხდება იმ რეგიონების მიხედვით, სადაც ამის საჭიროება იქნება.

გარდა თურქეთისა, საქართველო აზერბაიჯანიდან თხევადი ჟანგბადით მარაგდება, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 100 ტონა ჟანგბადი უკვე შემოტანილია. 

"ჩვენ უკვე განვახორციელეთ 100 ტონა თხევადი ჟანგბადის შემოტანა საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი და აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ გადმოეცა ჩვენთვის. მყისიერად გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. დღეს იტვირთება შემდეგი პარტია თხევადი ჟანგბადის. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ასევე რკინიგზის დეპარტამენტთან. სულ რამდენიმე დღეში დასრულდება შეკეთება ვაგონცისტერნების და შესაბამისად, ყოველ ჯერზე შესაძლებელი იქნება დამატებით საჭიროების შემთხვევაში 100 ტონა თხევადი ჟანგბადის შემოტანა უკვე რკინიგზის მეშვეობით,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

თურქეთიდან შემოტანილი ჟანგბადის ორი დანადგარი რუხის საავადმყოფოში უკვე შეტანილია.

"სხვა კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად, პაციენტების ჟანგბადით უზრუნველყოფა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგანაც გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, ამიტომ ჟანგბადით მომარაგება კლინიკისთვის სასურველი გახდა. გუშინ დამონტაჟდა ორი მინი ჟანგბადის ქარხანა," - ამბობს რუხის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია.

 

დღის ამბები