აჭარის მთავრობის სახლთან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მიზეზი კი, ერთ-ერთი მოქალაქე გახდა, რომელიც მთავრობის სახლის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
როგორც აქციის მონაწილეები "კურიერს" უყვებიან, უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, სიტუაცია კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც პოლიციამ უცნობი პირი ტერიტორიიდან გაიყვანა.
"ვიღაცა ადამიანი მოვიდა, აშკარად პროვოკატორი იყო ძაღლით და აქციის მონაწილეებს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფები და ხმამაღალი ყვირილი, შემდეგ ვაცნობეთ პოლიციას, მოვიდა პოლიცია და რეაგირება მოახდინა, განარიდეს, შემდეგ პატარა დაპირისპირება მოხდა და შემდეგ უკვე როგორც ვიცი გადაიყვანეს დაკითხვაზე," - აცხადებს მოძრაობა "იმოქმედეს" წევრი ბექა მექვაბიშვილი.
დღეს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. ცოტა ხნის წინ განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ტიტე აროშიძემ გააკეთა. ის აცხადებს, რომ ოპოზიცია რეგიონში არეულობის გამოწვევას ცდილობს.
"ისევ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია, შევიდნენ კონფლიქტში როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთან და ამითი მოახდინონ ტემპერატურის აწევა, რაც მათი ბოლო მცდელობაა შეიძლება ითქვას გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი აქციებით ხალხის მობილიზებას, დღეიდან გადავიდნენ ახალ სცენარზე, ეს არის გასტროლიორი სცენარისტის მიერ მოფიქრებული და დესტრუქციას ახორციელებენ.
ბუშტების გაშვება რა თქმა უნდა დარღვევა არ არის, მაგრამ მთავრობის შენობაზე ბუშტების მიმაგრება და ნებისმიერი სხვა პლაკატის ან სტიკერის მიმაგრება არის მთავრობის დაცვის პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად აღნიშნულ სიტუაციაში ჩაერთო პოლიცია," - განაცხადა ტიტე აროშიძემ.