29 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია - ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. აბაშიძე ამბობს, რომ 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრისას საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

"კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი - „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. 

დღის ამბები