29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
რესურსები, რომლებიც გვაქვს არის შეზღუდული და უნდა გადავანაწილოთ მაქსიმალურად ეფექტურად - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ღამის კურიერში" პანდემიის პირობებში სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირებს და თითოეულ მოქალაქეს მოეთხოვება დავიცვათ რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ სხვების სიცოცხლეს.

"აღსრულების ნაწილში შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა და რა თქმა უნდა შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯამში არის საერთო სოლიდარობის ნაწილი და ყველას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ, მათ შორის აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირებს და თითოეულ მოქალაქეს მოგვეთხოვება, რომ ბოლომდე დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომ გავუფრთხილდეთ სხვების სიცოცხლეს.

პირველი, რა თქმა უნდა, იყო მიმდინარე რეჟიმში ის კონკრეტული სანქცირება კონკრეტული დაწესებულებების მიმართ, ასევე იყო დაგეგმილი პრევენციასთან დაკავშირებული კონკრეტული ტესტირებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევდა სწრაფი გამოვლენის მეშვეობით მომხდარიყო დაინფიცირებების გამოვლენა და თქვენ გახსოვთ, რომ ბათუმი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც გაჩერდა როგორც მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილება," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება ტურიზმს, თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ იურიდიული პირები, კომერციული სუბიექტები ძალიან დიდ დანაკარგებსა და შემოსავლების კლებას განიცდიან, თუმცა მისივე თქმით, აჭარის მთავრობა ამას მაქსიმალურად ითვალისწინებს.

"ჩვენ მზად ვართ როგორც ადრე პირველ ეტაპზე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ასევე ახლაც, გვერდში დავუდგეთ როგორც გადასახადებთან მიმართებაში, სუბსიდირებასთან, მათ შორის ხელფასის და ასევე ჩვენც - ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში გავითვალისწინეთ ყველა მეწარმის ვალდებულებები და მოხდა მათი გადავადება. ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლოა ვიდაოთ, თუ რამდენად საკმარისია ეს განხორციელებული ღონისძიებები, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ქვეყანაში, ასევე გლობალურად არის კრიზისი, რაც ნიშნავს, რომ რესურსები, რომლებიც გვაქვს არის შეზღუდული და უნდა გადავანაწილოთ მაქსიმალურად ეფექტურად," – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის რეგიონში დაახლოებით 2 თვის წინ მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. უბედურ შემთხვევას ოჯახის ერთი არასრულწლოვანი წევრი გოგონა გადაურჩა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ გოგონასთვის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა აუცილებლად მოხდება, ღონისძიების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და არასრულწლოვანს მაქსიმალური მხარდაჭერა შემდგომშიც გაეწევა.

დღის ამბები