29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
უბედური შემთხვევა ქარელში - 2 ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია სახელდება

2 ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია სახელდება. შემთხვევა ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. მეზობლები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ გარდაცვლილმა პირებმა ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავეს. ქარელში დაღუპულთა ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა. ის ამ დრომდე კომაში იმყოფება და ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ყოველთვის გადაკეტეთ გაზქურა, როცა დაასრულებთ საქმიანობას; არ დატოვოთ ანთებული გაზი უყურადღებოდ; თუ იგრძენი გაზის სუნი, სასწრაფოდ დაგვირეკეთ" - ეს იმ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საზოგადოებას "თბილისი ენერჯი" აწვდის. კომპანიაში ამბობენ, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, მათი წარმომადგენლები მოქალაქეებთან საცხოვრებელ ბინებში შესაბამისი აღჭურვილობით დადიან და ბუნებრივი აირის დანადგარებს ამოწმებენ.

კომპანია "თბილისი ენერჯის" მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან დღემდე მხოლოდ თბილისში - CO-თი მოიწამლა 36 ადამიანი, გარდაიცვალა - 9. დედაქალაქში აფეთქების 3 ფაქტი დაფიქსირდა, აფეთქების შედეგად კი დამწვრობა მიიღო - 4-მა ადამიანმა.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

                         

დღის ამბები