29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება - მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასი არ გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, მთავრობამ პირველის ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 31 მარტამდე იმოქმედებს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და ეს შეიძლებოდა ასახულიყო პურის ფასზე. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირების გარკვეული სქემა განიხილებოდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. არაერთხელ ვთქვით, რომ პური არის განსაკუთრებულად სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ჩვენ გვქონდა მუშაობა, რეგულარული შეხვედრები მწარმოებლებთან, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს.

პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან. მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 31 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას საერთაშორისო ბაზრებზე, იცით,რომ ხორბალი განსაკუთრებული ვაჭრობის საგანია და ბევრი ფაქტორი განაპირობებს მის ფასს. შესაბამისად,იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ფასები, მივიღებთ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებებს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები