29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არაა - თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და იგი მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არ არის. დედაქალაქის მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს:

"ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.

გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება.

რაც შეეხება 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული პერიოდიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები