29 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც მომავალში გადავიხდით, სრულიად გაუზარებელია - გიგა ბოკერია

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მთავრობის შემუშავებული გეგმა უკვე გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. ოპოზიცია ისევ იწუნებს იმ სტრატეგიას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პირველ თებერვლამდე პერიოდში შეიმუშავა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების შედეგად უამრავი ადამიანი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩება. 

"ეს შეზღუდვები, რომელიც არის იმის შედეგი, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მომზადებულა ხელისუფლება, არის ადამიანებისთვის შიმშილის ზღვარზე დაყენება. ახლა ვსაუბრობდით საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან რომ, პრაქტიკულად, უამრავი ოჯახი დაკარგავს სამსახურს და დარჩება შემოსავლის გარეშე,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით მთავრობის გეგმა გაუაზრებელია.

"ყოველგვარი არსებითი წნეხის შემსუბუქების გარეშე ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით, ჯამში, სრულიად გაუზარებელია. ამ ხალხმა, ერთხელ, ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს, არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფასად და ეს პროცესი გრძელდება,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ახალი ანტიკრიზისული საბჭოს შეკრება ოპოზიციის მონაწილეობით და, ამასთან,არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა შეთანხმების გზით. 

"როგორც ჩანს, შეზღუდვები გარდაუვალი არის ამ ვითარებაში, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა.  სამწუხაროა, რომ აქაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით, მართვის უნარით და მივედით იმ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. უნდა შეიქმნას ახალი, ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით, სადაც ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი. პარალელურად, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით - ეს ის ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა არათანმიმდევრულია

"როგორც ყოველთვის, მთავრობა არათანმიმდევრულია. ერთის მხრივ, მან აკრძალა ვაჭრობა მოლებში და ა.შ. მაგრამ, მეორე მხრივ, იქვე უშვებს, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით როგორ წარმოგიდგენიათ, მთელი დღე არ იქნება ვაჭრობა და 10 დღე ან 1 კვირა რომ გახსნის და ამდენი ხალხი რომ მივა, ეს ორმაგი და სამმაგი რისკია. გაწერილი გეგმა წარმოადგინეს რას დაკეტავენ და რა არ იმუშავებს, მაგრამ იგივენაირად გაწერილი გეგმა, ჯანდაცვაში სხვადასხვა მიმართულებით რა გაკეთდება, რისთვის მოემზადებიან ამ პერიოდში, ან ეკონომიკაში რა გაკეთდება, ეს არ წარმოუდგენიათ,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები