ჯვარის ტყეში დაჭრილი მონადირე ჩამოყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. 60 წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ, შემთხვევით თოფით თვითდაზიანება მუცლის არეში მიიყენა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულები, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოჯახის წევრები სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობენ. სამაშველო სამსახურმა, შემთხვევის ადგილის მიუვალობის გამო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახა, თუმცა, ძლიერი ნისლის გამო ვერტმფრენმა მუშაობა ვერ შეძლო. საბოლოოდ, მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, რამდენიმე საათის შემდეგ გზაში გარდაიცვალა.
ცხედრის ჩამოსვენების შემდეგ ოჯახსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ექსპერტიზაზე გადასვენება არ სურდათ, თუმცა, საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა.