29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო. საარჩევნო პროცესი მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

მმართველი გუნდის კანდიდატი ზუგდიდში საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ბიულეტენის მიხედვით, მალხაზ ჯალაღონიას კონკურენტია, ოპოზიციის ბოიკოტი არ უკვირს, განსაკუთრებით ზუგდიდში. ამბობს, რომ თავად ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მისცა. 

როგორც ყველგან, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქშიც საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე ორი სახელი დახვდათ - ირაკლი ქადაგიშვილი და გიორგი ბოტკოველი. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მეორე ტურის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტის გამო განმარტება არც მედიასთან გააკეთა. 

გამარჯვებაში დარწმუნებულია, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში. ამ ოლქში ნინო ლაცაბიძის კონკურენტი დავით კირკიტაძეა "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელიც სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმშია. 

ქუთაისის ოლქში, სადაც 130 საარჩევნო უბანია მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ ბიულეტენში მოუწიათ. ქუთაისელებმა დღეს მაჟორიტარიც აირჩიეს და მერიც. 

საკანონდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენელი აირჩია დღეს ზესტაფონი - ბაღდათი - თერჯოლა - ტყიბულის ოლქის ამომრჩეველმაც. აქაც ბიულეტენზე ორი სახელი და გვარი ეწერა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეჟან წაქაძე იყო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი კი კახა გეწაძე. 

17-დან 2 ოლქი აჭარაშია, სადაც დღეს მეორე ტური ჩატარდა. აქაც ქუთაისის მსგავსად, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 2 ბიულეტენი დახვდა. ერთდროულად გაიმართა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური. 

დღეს მაჟორიტარი აირჩია მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქმა. აქ ერთმანეთის კონკურენტები ქართული ოცნების სახელით შალვა კერესელიძე და "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით ცეზარ ჩოჩელი იყვნენ. საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხაშური-ქარელის ოლქის მცხოვრებლებმაც. ზაალ დუგლაძე ნატო ჩხეიძის წინააღმდეგ. 

 

დღის ამბები