29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში "ქართული ოცნება" 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ჩვენმა 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა მანდატი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17-ვე ოლქში მოიგეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" 90 მანდატით იქნება წარმოდგენილი. 

"მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.

ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართული ოცნების" 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა საპარლამენტო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურ ბლოკებსა და პარტიებს შორის კი მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 36 მანდატი; "ევროპული საქართველო" - 5 მანდატი; "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "პატრიოტთა ალიანსი" და "გირჩი" – 4-4 მანდატი; "მოქალაქეები" - 2 მანდატი; "ლეიბორისტული პარტია" – 1 მანდატი.

შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგად შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები