29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
იდეა, რომელიც გაჟღერდა იყო, ხომ არ ვიფიქრებდით ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლაზე - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ოპოზიციასთან შეხვედრისას მათ ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა ურჩია. 

მისივე თქმით, ოპოზიციამ მას აუხსნა, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით პოლიტიკური ვითარების შეცვლა ილუზიაა. 

"იდეა, რომელიც გაჟღერდა იყო ის, რომ ბოიკოტი შეიძლება არ იყოს ყველაზე ეფექტური გზა იმ პოლიტიკური ცვლილების მისაღწევად, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას, ამიტომ ხომ არ იფიქრებდით ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლაზე. ამ ინსტიტუტებში პარლამენტიც იგულისხმება, მაგრამ პარლამენტის გარდა იგულისხმება ცესკო, სასამართლო და ა.შ. რომლითაც შეიძლება გააგრძელო ბრძოლა იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.

ჩვენ ავუხსენით, რომ ეგრე ინსტიტუტები შეიძლება მუშაობდეს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ინსტიტუტებს სახელები ჰქვიათ, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან სხვა არაფერი დგას. შესაბამისად, ილუზიების შექმნა, რომ ამ ილუზიების გამოყენებით შეიძლება რაიმე მიზანს მიაღწიო ტყუილი იქნება და საკუთარ თავს ვერ მოვიტყუებთ. ეს იყო ამ საუბრის პატარა ნაწილი, ხოლო დიდი ნაწილი დაეთმო იმას, რომ პომპეოს მოადგილემ ჩვენგან ინდივიდუალურად მოისმინა ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ განვლილ არჩევნებს, შექმნილ კრიზისულ ვითარებას და სად ვხედავთ გამოსავალს,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც არის აღნიშნული, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ხოლო პარლამენტიდან ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციისთვის რჩევის სახითაა მოცემული. 

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ დიალოგის ფორმატში მოლაპარაკებით არის შესაძლებელი. 

"განცხადების შინაარსიც და პათოსიც იდენტური იყო იმისა, რაც მოვისმინეთ დღეს შეხვედრაზე. განცხადებას სრულად თუ წავიკითხავთ, იქაც წერია, რომ არჩევნებზე სერიოზული პრობლემები იყო, ბევრი დარღვევა იყო. პირდაპირ ტექსტში წერია, რომ მოსყიდვები იყო, დაშინება, მათ შორის, ჩვენმა წარმომადგენლებმა დააფიქსირესო. რა რეალობაც არის ქვეყანაში, ის ყველაფერი არის აღწერილი და ზუსტად გადმოცემული, თუმცა იქაც ასეთი შეფასებაა, რომ მიუხედავად, ამ ყველაფრისა ოპოზიციისთვის იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რაც გვაქვს დასახული, ხომ არ აჯობებდა პარლამენტში შევსულიყავით, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო ეფექტური გზა.

რაც შეეხება ეუთოს განცხადებას, იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ „"ხარეებმა უნდა გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის, რომ არ აღმოჩნდნენ ჩიხში" სრულად ვეთანხმები. ამისთვის არსებობს მოლაპარაკების მაგიდა, რომელსაც მოდერაციას უწევენ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები. ორი რაუნდი უკვე შედგა და მესამე რაუნდს ველოდებით. ამ წუთში ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე, ისინი უნდა მოვიდნენ რამე წინადადებით და მაგ პათოსს სრულად ვიზიარებ, რომ ჯამში ქვეყანაში სერიოზული კრიზისია. პირველ რიგში, ეკონომიკური კრიზისი, რასაც დაემატა პანდემია და ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლის პირასაა, რეგიონში არის არასტაბილური სიტუაცია - ამ რეალობაში მეც მგონია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა მოიქცეს პასუხისმგებლობით და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს მხოლოდ რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება და ეს შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდაზე და არსად სხვაგან"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები