29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა ბოიკოტს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა ბოიკოტს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს. მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ:

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, დარღვევები კი მუდმივად ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის.

თუმცა იქვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: "ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და შეიტანოთ ცვლილებები," - აცხადებენ სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები.

"გასულ ზაფხულს, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებამ, მოიტანა მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა და ახალმა სისტემამ იმუშავა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვებს წარმოადგენენ. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული რომელიც ზაფხულში იქნა მიღებული. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აცხადებდა , ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის მონაწილეები პარლამენტის შიგნით რომ ყოფილიყვნენ. ამიტომ, მათი მხრიდან კვლავ ბოიკოტისკენ მოწოდება, უკვე ნანახი ფილმის ყურებაა.

ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და აღარ ვნახოთ იმავე დარღვევების განმეორება. ეს არის ის, რასაც ჩვენი - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ მხარი დაუჭირონ: მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ არა ჩვენთვის რომ გამოსავალი ვიპოვოთ, არამედ მათ იპოვონ გამოსავალი, იმუშაონ ერთად, ისწავლონ ერთად მუშაობა პარლამენტში - შევადგინოთ პროგრამა, საკანონმდებლო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მნიშვნელოვან რეფორმას. შემდეგ კი ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თქვენ უფრო სანდო შედეგი გექნებათ, რომლის ნდობაც ყველას ექნება და ამ ტიპის კითხვები აღარ იარსებებს. სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც სახელმწიფო მდივანი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას სასამართლო რეფორმის შესახებ. რადგან, რომ არსებობდეს მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ის საარჩევნო პრეტენზიები, რომლებიც გაკეთდა, გადაწყდებოდა სასამართლოში და ხალხს ექნებოდა ნდობა შედეგისადმი.

ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები გაასაჩივრა, ვინაიდან არ ჰქონდათ მათი შესაბამისად განხილვის მოლოდინი, არჩევნების მეორე დღესვე მოითხოვა ხელახალი არჩევნები. თავდაპირველად ხმების დათვლის შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის [ISFED] და პარალელური დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ ყოფილა, რომ არჩევნები საბედისწეროდ ხარვეზიანი იყო.

კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დღის ამბები