29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
დებატებზე თუ განიხილება ის საკითხები, რაც დახურულ კარს მიღმა მიდის, ეს იქნება მოლაპარაკების მაგიდის აყირავება - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "ქართულ ოცნებასთან" სატელევიზიო დებატების გამართვა იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც საელჩოების დახმარებით დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ დიალოგის ჩაშლას ნიშნავს:

"წინასაარჩევნო პერიოდში დებატები და ახლა დებატები პრინციპულად სხვადასხვა რამეა. ეს დებატი ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მაგიდის აყირავებას, იმიტომ რომ ამ დებატებზე თუ განიხილება ის საკითხები, რაც დახურულ კარს მიღმა მიდის, ეს ნიშნავს რომ მოლაპარაკებას შინაარსი აღარ აქვს. ფორმატი დახურული მაგიტომაც არის, რომ იქიდან არ შეიძლება ინფორმაციის გამოტანა, იქ უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, თუ ჩვენ იმ საკითხებზე დავიწყებთ ლაპარაკს, ეს ნიშნავს რომ იმ მოლაპარაკებას შინაარსი აღარ აქვს საერთოდ და ტყუილად იწვალეს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩმა, მინიმუმ მათი უპატივცემულობაა.

ახლა არის სიტუაცია, რომ მესამე რაუნდი უნდა იყოს და ხელისუფლება უნდა მოვიდეს რაიმე პასუხით ან წინადადებით. მეორე რაუნდზე დააფიქსირეს რა არის მათთვის წითელი ხაზი, რაზეც ოპოზიციის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ "ოკ", თუ ეს არის თქვენი მხრიდან წითელი ხაზი, გამოსავალი შეიძლება იყოს აი ასეთი, რომელიც თქვენც მოგცემთ საშუალებას, რომ წითელი ხაზი არ გადალახოთ და მივაღწიოთ იმ მიზანს, რა მიზანიც ჩვენ გვაქვს დასახული, ამის შემდეგ ოცნება არის წასული კონსულტაციებისთვის და უნდა დაბრუნდეს მესამე რაუნდზე რაღაცა პასუხით. ახლა საჯარო დებატის მოწყობა და იმ ყველაფრის გარეთ გამოტანა ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს მაგიდა ააყირავა, რაც პირველ რიგში არის უპატივცემულობა იმ ორი ადამიანის, ვინც არიან ფასილიტატორი და ვინც ეს მაგიდა შექმნეს. თუ გვინდა რომ ავაყირავოთ, მე პრობლემა არ მაქვს დებატის, მაგრამ ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი, ეს იქნება "ოცნების" მხრიდან მაგიდის აყირავება და ბაზარი არაა, ვიდებატოთ რამდენიც გვინდა," -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მზადაა არჩევნების საკითხზე ოპოზიციასთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

დღის ამბები