29 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
გაიმართება თუ არა ტელედებატები "რუსთავი 2-ზე" - უარს არავინ აცხადებს, თუმცა ოპოზიციაში საერთო პოზიცია შეჯერებული არ არის

საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები და შესაძლო მანიპულაცია - ეს ის საკითხებია, რომელზე სადებატოდაც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ოპონენტები ღია ეთერში გამოიწვია.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განცხადება "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეთავაზებიდან მალევე, მმართველი პარტიის ინიციატივას ადრესატები გამოეხმაურნენ. ცალკეული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მზად არის ღია ეთერში დისკუსიისთვის, თუმცა მიიღებენ თუ არა ტელედებატში მონაწილეობას, ამაზე ოპოზიციურ გაერთიანებაში საერთო პოზიციის შეჯერებას გეგმავენ. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი მმართველი ძალისგან დებატებში გამოწვევას დაგვიანებულად მიიჩნევს. ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ჩიხშია და ღია ეთერში კიდევ ერთი დაპირისპირება კრიზისს უფრო გაამწვავებს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმის დასადასტურებლად, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, მათ ყველა სამართლებრივი საფუძველი აქვთ მომზადებული და მზად არიან დოკუმენტურად წარუდგინონ "ქართულ ოცნებას".

ოპონენტების განცხადებებში დებატებისთვის არგუმენტების სიმცირე ამოიკითხეს "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის წევრები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ პარტიებმა არაერთი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინათ. ერთ-ერთ მაგალითად კი საეჭვო უბნების ხელახლა გადათვლაზე ოპოზიციის მხრიდან უარს ასახელებენ.

ტელედებატებში მონაწილეობის სურვილზე ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც საუბრობენ, თუმცა ზუსტი დრო და თარიღი საბოლოოდ გადაწყვეტილი, ამ დრომდე, არ არის. ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ორივე მხარესთან მოლაპარაკებებს აქტიურად მართავს.

დღის ამბები