29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ქვეყანაში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანა ამ ურთიერთობის გაღრმავებაა ყველა მიმართულებით. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია დროის თვალსაზრისით, ასევე, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი. მხედველობაში მაქვს ის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, რომლის წინაშე დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონი. 

ამ ვიზიტზე დიდი ხანია ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ფაქტია, რომ საქართველო რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირეა, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე ძლიერი დასაყრდენი.

ყველა თანხმდება, როგორც საქართველო, ისე ამერიკული მხარე, რომ როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ეს სტრატეგიული ურთიერთობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობა.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად დაახლოვება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენ გვინდა აშშ-ს მუდმივი ყოფნა საქართველოში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და წარმატებულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიზანი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ასეთივე მაღალ ნიშნულზე აწევაა. 

"ჩვენ ყველა ვთანხმდებით, როგორც საქართველო, ისე აშშ, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად აღმავალია. წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ დავიწყეთ ეს თანამშრომლობა 2016 წელს, როდესაც სახელმწიფო მდივანი კერი იმყოფებოდა საქართველოში, გავაფორმეთ მემორანდუმი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ის უაღრესად წარმატებულად შესრულდა. შემდეგ, ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ დავიწყეთ თავდაცვის პროგრამის გარშემო საქმიანობა და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს.

ამ ვიზიტის ფარგლებში შეფასდება სად ვართ, სად ვიმყოფებით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის მუდმივი სიმჭიდროვე იყოს.

რა თქმა უნდა, განსახილველი საკითხების თაობაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, გასაგები მიზეზების გამო. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა იყოს შიდა საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი. ეს ასეც უნდა იყოს. როდესაც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო და სავაჭრო თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აშშ-სთან ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება, მივიღეთ ძალიან სერიოზული ორპარტიული მხარდაჭერა, 28 კონგრესმენის წერილი მიანიშნებს, რომ მზაობა ამისთვის საკანონმდებლო დონეზეც არის. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ის თანამშრომლობა, რაც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არის, იმ თანამშრომლობის დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკური თანამშრომლობაც. ვისაუბრებთ რაც შეიძლება მეტ ინვესტიციებზე, მეტი ამერიკული კომპანიის ყოფნაზე საქართველოში. ეს პროცესი შეუქცევადია, ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს და ეს ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, ამ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები