29 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
თბილისში მაიკ პომპეოს ელოდებიან - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაახლოებით საათნახევარში დაეშვება

თბილისში სრული მზადყოფნაა, საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს თვითმფრინავს, დაახლოებით, ერთ საათში ელოდებიან. ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში თურქეთიდან ჩამოდის. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება, მაღალი რანგის სტუმარი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანი განიხილავს ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორ ქვეყანას შორის არსებული  სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში და ასევე ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველო კიდევ ერთხელ მიიღებს სტრატეგიული პარტნიორისგან ურყევ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით, ასევე აშშ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად რჩება. დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორისაა არჩევნები, დემოკრატიული პროცესები და რეგიონში არსებული ვითარება. ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ ისედაც მაღალ ნიშნულზე არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის პარტნიორობის ნათელი გზავნილია, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, აშშ-სთან თანამშრომლობა დღეს ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა:

"წლიდან წლამდე,  პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება.  ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკელ ინვესტორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ამერიკელი ინვესტორების მიერ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს მაიკ პომპეოს ვიზიტს განათლების მინისტრი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ და დარწმუნებულია, რომ ამ ვიზიტით კიდევ უფრო განმტკიცდება ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა.

დღის ამბები