29 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ნიკა მელია შტაბის გადაწვაში ე.წ. კანონიერ ქურდს და მის ძმას ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი სიტყვებით, გლდანში არსებული შტაბის გადაწვაში მონაწილეობა მიიღო. ნიკა მელიამ ბრალი ღიად დასდო ე.წ. კანონიერ ქურდს, ნოდარ შუკაკიძეს და მის ძმას, ლევან შუკაკიძეს.

მელია დარწმუნებულია, რომ ისინი კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის დაკვეთას ასრულებდნენ. 

"ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გლდანის მესამე მიკრორაიონში. ეს ის რაიონია, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და დავამარცხეთ კობიაშვილ-კალაძე. შედეგად, რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ შტაბი გადაწვა.

მე დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა, უტყუარი ინფორმაციით. ეს გახლავთ კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი, კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპყრობილეში და მას აქვს ყოველდღიური სატელეფონო წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. ის თავისი ძმის, სუსთან მჭიდრო კავშირში მყოფ ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაზე და ყველაფერზე,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები