29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, კიდევ ერთხელ იკისროს ფასილიტატორის ფუნქცია - როგორ პასუხობენ მედიატორებს მხარეები

საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უკვე რამდენიმე დღეა დიალოგისკენ მოუწოდებს. ამ ფონზე, დღის ბოლოს ევროპარლამენტარების ერთობლივი მიმართვაც გავრცელდა. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ აშფოთებთ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მზად არიან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავენ საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებიც. დიეგო კოლასი და კარლ ჰარცელი მხარეებს მაღალი დემოკრატიული სტანდარტით მოქმედებისკენ მოუწოდებენ, რაც საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს.

მოწოდებების მიუხედავად, დიალოგზე წასვლის მზადყოფნას მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის პირობებში გეგმავს ოპოზიციის დიდი ნაწილი. 

პოლიტიკური დიალოგისთვის საჭირო კომპრომისი შესაძლოა ჩატარებული არჩევნების შედეგების გადათვლა გახდეს სტრატეგია "აღმაშენებლისთვის". გაერთიანებაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. 

დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს მმართველი გუნდი. თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიალოგის წინაპირობა ულტიმატუმების ენით საუბარი არ უნდა იყოს. ოცნების წევრების აზრით, საქართველომ მრავალპარტიული პარლამენტი აირჩია და მნიშვნელოვანია თითოეულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ამას პატივი სცეს.

როდის დაიწყება მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება. ოპოზიცია, ამ დროისთვის, კვლავ საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.

დღის ამბები