29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
არჩევნები და ფარული ჩანაწერები - ოპოზიცია ხელისუფლებას მიყურადებასა და თვალთვალში ადანაშაულებს

ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების გეგმა, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციით განწყობების შექმნა და "ნაციონალური მოძრაობის" დაწუნებული სია - ქართული აუდიოჩანაწერები ისევ უკრაინულ საიტზე ქვეყნდება, გამოცემა obozrevatel.com-ის მტკიცებით, მასალებში ისმის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის დიალოგი, მეორე ჩანაწერში კი დეპუტატი სალომე სამადაშვილი უცნობ პირს ელაპარაკება.  

უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, ალასანია და სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების გეგმას განიხილავენ. რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, დეპუტატი, "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ პროცესებზე და სიის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილებას გამოთქვამს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ბოლო ჩანაწერში, რომელიც გამოცემამ დღის მეორე ნახევარში გაასაჯაროვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა უცხო პირს მითითებებს აძლევს და საუბრობს თუ როგორ უნდა შექმნან წაგების შემთხვევაშიც მოგების განწყობა და როგორ მოახდინონ საზოგადების განწყობით მანიპულირება. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის და ამაზე დავას თავად ადრესატი არ აპირებს. ზვიად კუპრავამ "კურიერთან" საუბრისას ხელისუფლება ფარულ თვალთვალში დაადანაშაულა.

ფაქტს სალომე სამადაშვილი ფეისბუქით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟია. სამადაშვილი აპირებს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს.
სწორედ ფარულ მიყურადებაზე გაამახვილეს ყურადღება ოპოზიციის სხვა წევრებმაც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ისიც თქვეს, რომ გამოცემის უკან, რომელიც ჩანაწერებს ავრცელებს, რუსეთი დგას.

ფარული მიყურადების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლებაში არ ადასტურებენ. თუმცა, მმართველ გუნდში თქვეს, რომ მათთვის ოპოზიციის რევოლუციური გეგმები აქამდეც ცნობილი იყო და ახლა ჩანაწერების მეშვეობით მათი ეჭვები დადასტურდა.

უკრაინული ვებგვერდის obozrevatel.com-ის მიერ გავრცელებული არცერთი ვიდეომასალის ავთენტურობა დადგენილი არ არის და ამაზე თავად საიტის ავტორები მიუთითებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც უკრაინული ვებ გვერდი ქართველი პოლიტიკოსების ფარულ აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები