4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო პოლიციამ ქვემო ქართლში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილოგრამამდე "ჰეროინს" შეიცავს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.