29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ჟურნალისტებს, პოლიციელებს, საკუთარ აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომ ასე თავისუფლად არ გავრცელდეს ვირუსი - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან მყოფ პირებს მოუწოდებს, ის ელემენტარული რეკომენდაცია მაინც გაითვალისწინონ, რომელიც პირბადის ტარებას ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ოპოზიციის სურვილი, შემოიტანონ გარკვეული მუხტი, თუმცა კორონავირუსის არსებობა არ უნდა დაავიწყდეთ. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აქციები მიმდინარეობს რეკომენდაციების სრული იგნორირების ფონზე.

"იქ არიან პოლიციელები, ადამიანები, მათი აქტივისტები, რომლებსაც, ასევე, არ უფრთხილდებიან და ყოველგვარი პირბადეების და სხვა რეკომენდაციების დაცვის გარეშე ახორციელებენ თავიანთ აქტივობებს.

შეიძლება, ცოტა ირონიულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მინდა ეს მაინც მოვუწოდო, რომ ელემენტარული რეკომენდაციები დაიცვან, ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, პოლიციელებს გაუფრთხილდნენ, თავიანთ მომხრეებს და აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომლებიც იქ მიიყვანეს ამ დესტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად და დაიცვან ელემენტარული რეკომენდაციები, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი შემთხვევა იყო - ციხეში შესასვლელად ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა გაიკეთა ტესტირება და ამ ერთი შემთხვევის დროსაც დადებითი დადასტურდა. რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ტესტირება გაეკეთებინა კონკრეტულ წარმომადგენელს, პოლიტიკოსს, ალბათ, ჩვენ ციხეში გვექნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემა ვირუსთან დაკავშირებით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები