29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი არ არის რაიმეს დაზუსტება, პირიქით, ეშინიათ დაზუსტების, მათი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოთხოვნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო კომისიის შენობებში შევიდნენ, სადაც ხმების გადათვლა მიმდინარეობს, კანონს ეწინააღმდეგება.

როგორც კობახიძე აცხადებს, საოლქო კომისიებში ხმების გადათვლა უპრეცედენტო შემთხვევაა და შესაბამისად, გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

"ხმების გადათვლა საოლქო კომისიებში, ქართული არჩევნების ისტორიაში, არასდროს არ მომხდარა და ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება საოლქო კომისიების დონეზე, რაც მოწმობს საარჩევნო ადმინისტრაციის უპრეცედენტო ღიაობას და გამჭვირვალობას.

ამ პროცესზე დასწრების საშუალება აქვს ყველა შესაბამის სუბიექტებს, მათ შორის არიან, ბუნებრივია, შესაბამისი კომისიის წევრებიც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და სწორედ ამ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე ხდება მონაცემების დაზუსტება. თუ სად არის რაიმე ხარვეზი, რომელიმე უბნის დონეზე, ეს ხარვეზები უნდა დაზუსტდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროცედურა.

რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება, ვგულისხმობ იმ აქციებს, რომელიც ტარდება საოლქო კომისიების წინ, ეს მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, გამომდინარე იქიდან, რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს ზუსტად იმ შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო სრული ფარსი. ისინი ახორციელებენ დესტრუქციას.

ისინი არღვევენ კანონს, როდესაც საარჩევნო კოდექსის ნორმების წინააღმდეგ ითხოვენ იქ შესვლას. ეს ეწინააღმდეგება კანონს, მათი ქმედება ეწინააღმდეგება კანონის რეგულაციებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები