29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
"ღამის კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან - როგორ აფასებს ჯილიან სტირკი საპარლამენტო არჩევნებს

"რუსთავი 2-ის" ექსკლუზივი - "ღამის კურიერის" შეკითხვებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი პასუხობს.

გთავაზობთ სრულ ინტერვიუს: 

_ დიდი მადლობა ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის.

_ დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. დიდი სიამოვნებაა ჩემთვის თქვენთან საუბარი

_ როგორია თქვენი შეფასება, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები?

_ თქვენ, ალბათ, შესაძლებლობა გქონდათ, გაცნობოდით ჩვენს პირველად წინასწარ შეფასებას. ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, იყო საზოგადოების მაღალი ჩართულობა. წინასაარჩევნო პროცესმა კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ შეწუხებულები ვიყავით გავრცელებული ბრალდებებით დაშინების შესახებ. ასევე, მმართველი პარტია და სახელმწიფო არ იყო მკაფიოდ გამიჯნული და ამან პროცესისადმი დამოკიდებულებაზე და სანდობაზე იქონია გავლენა.

_ რა იყო ყველაზე მძიმე და მიუღებელი დარღვევა 31 ოქტომბრის არჩევნებში?

_ როგორც წინასწარ შეფასებაში ვთქვით, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით დაშინების ბრალდებებზე წინასაარჩევნოდ და თვითონ არჩევნების დღეს ჩვენ შევამჩნიეთ მსგავსი ფაქტები სხვადასხვა უბანზე ქვეყნის მასშტაბით.

_ ციტატა თქვენი განცხადებიდან,რომელიც ნაწილობრივ გაიმეორეთ - დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ "ფართოდ იყო გავრცელებული ბრალდებები ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ". ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, რომელი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობდა ზეწოლის მოხდენას?

_ ვერ ვიტყვი, რომ ეს ექსკლუზიურად ერთი პოლიტიკური პარტია იყო, მაგრამ ჩვენ არჩევნების დღეს დავაფიქსირეთ დიდი რაოდენობა ისეთი დამკვირვებლების, რომლებიც ასოცირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. ისინი უბნების შიგნით და გარეთ იდგნენ და ამა თუ იმ გზით გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე.

_ ჩვენ გვექნება სხვა უფრო დამაზუსტებელი განცხადება თქვენი გუნდიდან, თუ ვინ ახდენდა ზეწოლას ამომრჩევლებზე, თუ ეს არის თქვენი საბოლოო განცხადება?

_ ვფიქრობ, ჩვენი პირველადი განცხადება კარგად ასახავს ჩვენს შეხედულებებს იმაზე, თუ რა ვნახეთ უშუალოდ უბნებზე არჩევნების დღეს. ახლა ფოკუსირებული ვართ პოსტსაარჩევნო გარემოზე და ვაკვირდებით გასაჩივრებისა და შესწორების შეტანის პროცესს.

_ ჩვენ, ასევე, ვაკვირდებით გადაბრალების პროცესს ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის - ვინ ახდენდა ზეწოლას ამომრჩეველზე, ვინ იყენებდა არაკანონიერ გზას უპირატესობის მოსაპოვებლად, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, რომ უფრო ზუსტი სურათი დავინახოთ?

_ ყველას, ვისაც აქვს საჩივრები, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ ყველა ინსტიტუცია და ინსტანცია და მიმართონ მათ, ვისი ვალდებულებაც არის განიხილონ ამგვარი საჩივრები. პროცესში უნდა ჩართონ არსებული ორგანიზაციები და საშუალებები, თუკი შედეგით კმაყოფილი არ არიან და ფიქრობენ, რომ კანონიერება დაირღვა. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს და ინსტიტუციებს, რომ შეასრულონ თავიანთი ფუნქცია დროულად, სრულყოფილად და პროფესიონალურად განიხილონ არსებული საჩივრები.

_ თქვენ ახლა მოგვეცით ძალიან კონსტრუქციული რჩევა, თუ რა გაკეთდეს ამ ეტაპზე. თუმცა, რომ გავითვალისწინოთ თქვენი რჩევა, უნდა არსებობდეს ნდობა. ოპოზიციის ლიდერები არ ეთანხმებიან თქვენს ამ რჩევას, რადგან ისინი არ ენდობიან ამ სისტემას და იმ ინსტიტუციებს, რომლებიც პროცესს მონიტორინგს უწევენ. საარჩევნო სისტემას აქვს მცირე ნდობა ოპოზიციის ლიდერებში.

_ თუ ადამიანებს აწუხებთ, როგორ წარიმართა პროცესი, მაგრამ არ დააფიქსირებენ და ბოლომდე არ მიყვებიან თავიანთ საჩივარს, ძალიან რთული იქნება პრობლემის მასშტაბის შეფასება. ოდირის პერსპექტივით, ჩვენი ვალდებულების ნაწილია, რომ ამ პროცესს დავაკვირდეთ. თუ ადგილზე მოქმედ ინსტიტუციებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიონ და გამოეხმაურონ კონკრეტულ საჩივრებს, ჩვენთვის რთული იქნება რაიმე დასკვნის გაკეთება. თუნდაც იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოხდა რეაგირება პრობლემაზე.

_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არჩევნების გაყალბების მომსწრენი გავხდით?

_ მგონი, თავი უნდა შევიკავო აქ, რადგან ჩვენი როლი არ არის არჩევნების შედეგების ვალიდაცია. ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით პროცესს. ამაში მთლიან პროცესს ვგულისხმობ, ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებით, შემდეგ - არჩევნების დღეს ვაწარმოებთ მონიტორინგს, მერე არჩევნების შემდგომ პერიოდზე გრძელდება დაკვირვება. ეს ყველაფერი ჯამდება საბოლოო ანგარიშში, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ იქნება მზად. ეს ანგარიში, ასევე, მოიცავს რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მთლიანი პროცესი, სამომავლოდ. ამის შესახებ ვისაუბრე ოპოზიციის ლიდერებთან გუშინ. ჩვენი როლი არაა შედეგების ვალიდაცია, არამედ პროცესის შეფასება. ჩვენი ვალია განვსაზღვროთ, თუ რამდენად შეესაბამება მთლიანად არჩევნების პროცესი საერთაშორისო ნორმებს და რა თქმა უნდა, ქართულ კანონმდებლობას.

_ ის საკითხი, თუ ვინ ახდენს არჩევნების შედეგის ვალიდაციას არის საკმაოდ რთული და კომპლექსური.

_ რთული შეკითხვაა, დიახ, ნამდვილად ასეა.

_ განსაკუთრებით, თქვენი მხრიდან რთულია საბოლოო ვალიდაცია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, თუნდაც ნაწილობრივი ვალიდაცია არის თქვენი ვალდებულება?

_ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედეგის ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი. ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს, ჯდებოდა თუ არა პროცესი კანონიერების ფარგლებში. ჩვენ მხოლოდ პროცესზე კომენტარის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რა შევამჩნიეთ და გამოვყოთ პროცესის ნაკლოვანებები. რამდენიმე მათგანზე ჩვენ წინასწარი შეფასებისას, კვირას ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, უკვე ვისაუბრეთ.

_ ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

_ ეს პოლიტიკური არჩევანია. ალბათ უადგილო იქნება ჩემი მხრიდან პოლიტიკური პარტიის არჩევანის შეფასება.

_ იმის შემდეგ რაც თქვენ პირველი განცხადება გავრცელდა, ის გამოყენებული იყო თავისებურად და ახლა აგიხსნით თუ რას ვგულისხმობ: "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა განცხადების პოზიტიური აბზაცი: "საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო." ოპოზიციამ კი ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ნეგატიურ ასპექტზე, დარღვევებზე. ყველამ გამოიყენა ეს განცხადება ისე, როგორც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდებოდა. თქვენი განცხადება იყო კრიტიკული თუ პოზიტიური?

_ შეიძლება ითქვას, რომ ეს შერჩევითი დამოკიდებულებაა - როდესაც მხოლოდ იმას ირჩევ, რაც შენ მოგწონს. "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის პარტიებმა ჩვენს შეფასებაში იპოვეს ის, რაც მათ მოსაზრებებს ემთხვეოდა. გამოდის, რომ ჩვენმა შეფასებამ მთლიანი სურათი ასახა. განცხადებაში არის ორივე ასპექტი - პოზიტიურიც და კრიტიკულიც.

ჩვენ შევამჩნიეთ, რომ არჩევნების ბევრი ტექნიკური ასპექტი იყო კარგად შესრულებული. ჩვენ აღვნიშნეთ პოზიტიური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ამასთან ერთად, ხაზი გავუსვით პრობლემებს. ამ პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საზოგადოება. წინ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად ჩვენ დავაფიქსირეთ არასაკმარისი გამჭვირვალობა კამპანიის დაფინანსების კუთხით, დაშინების ბრალდებები და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას გამოვლენილი ხარვეზები. 

_ ამ ინფორმაციას თუ შევაჯამებთ, ჩვენ ხელახლა უნდა ჩავატაროთ არჩევნები თუ არა?

_ ჩვენ არ შეგვიძლია ამის კომენტირება. ჩვენ დავაკვირდით პროცესს. ჩვენ დავაკვირდით არჩევნებს და წინასწარი შეფასება გავაკეთეთ. კიდევ ერთხელ, შედეგის ვალიდაცია და არჩევნების სანდოობის საკითხი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. როგორც ჩემი წინამორბედი ამბობდა ხოლმე, ჩვენ ხელში გვიკავია სარკე და ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, ჩაიხედავს თუ არა და ასევე ის, თუ რას ჩანს ამ სარკეში.

_ ანუ თქვენ რეალობას ასახავთ?

_ დიახ

_ გასაგებია.

რა სიტუაციაა ამ სარკეში მედია გარემოს მხრივ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს?

_ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თავიდანვე მომხვდა თვალში, იყო ის, რომ ქვეყანაში არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მრავალფეროვანი მედია. სხვადასხვა მედიასაშუალებები, მათ შორის ე.წ. პარტიზანული მედია.

_ რას გულისხმობთ?

_ ბევრი მედიასაშუალება დაკავშირებულია პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუ ბიზნესინტერესებთან. მედიაში საკმარისი დოზით არ კეთდება სიღრმისეული ანალიზი. თუმცა, ქართველ მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

_ რა სახის ანალიზს ელოდებოდით? წინასაარჩევნო პერიოდისთვის რა შუქდებოდა არასაკმარისად?

_ როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს მიმდინარე მოვლენების შესახებ სიღრმისეული კვლევების გაცნობა, საქართველოშიც და სხვაგანაც, მე მუდმივად მაინტერესებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც საფუძვლიანად იკვლევს თემებს და უბრალოდ არ იმეორებს პოლიტიკურ განცხადებებს და პრესრელიზებს. პირადად ჩემთვის ასეთი პოლიტიკური ანალიზის გაცნობა საინტერესო იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრს გავეცანი... მე ქართულად ვერ ვკითხულობ, მაგრამ ჩვენ მედიის მონიტორინგის სამსახური გვყავს, რომელიც უკვე 10 თვეზე მეტია გვაწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ შუქდება სიახლეები ქართულ მედიასაშუალებებში.

_ მოდით, შევხედოთ შესაძლო სცენარს, თუკი მთავრობა უარს იტყვის არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე და ოპოზიცია ასევე უარს განაცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რა გავლენა ექნება ამას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

_ მე ვცდილობ, თავი შევიკავო, რომ რაიმე გავლენა არ მოვახდინო იმ პროცესზე, რომელიც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ძალიან პოზიტიური იყო მთელ ამ პროცესში არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი მივიდა უბნებზე. მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ  ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იფიქრონ იმაზე, თუ რა არის მათი გზავნილი ელექტორატისთვის - ანუ საკუთარი ქმედებით რას ეუბნებიან ამომრჩევლებს. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ახლა რთული დროა, ჩვენ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. და როდესაც პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმედია, რომ ისინი იმ გლობალურ კონტექსტს გაითვალისწინებენ, რომელიც ამ სიტუაციაზე დიდ გავლენას ახდენს.

_ ამ კითხვას გისვამთ, რადგან საერთაშორისო პარტნიორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც შექმნეს დიალოგის პლატფორმა და ფასილიტაცია აიღეს საკუთარ თავზე იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შემდგარიყო 8 მარტის შეთანხმება. ეს დიდი მიღწევა იყო და სწორედ ამიტომ გეკითხებით, განიხილავთ თუ არა მსგავსი დიალოგისთვის პლატფორმის შექმნას?

_ ეს არ არის ჩემი, ანუ ოდირის პირდაპირი მოვალეობა. თუმცა თუკი 8 მარტის შეთანხმებას დავუბრუნდებით და ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან პოლიტიკური ველი გაიხსნა უფრო მეტი მოთამაშისთვის… ეს კი  ყოველთვის დადებითი მოვლენაა. ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იყო მრავალფეროვნება და ის ფონი, რომელიც 8 მარტის მერე შეიქმნა.

_ გუშინ თქვენ ოპოზიციას შეხვდით, რა შეგიძლიათ თქვათ ამ შეხვედრის შესახებ?

_ მხოლოდ ის, რომ ჩვენი მისიიდან გამომდინარე, ყოველთვის მზად ვართ, ვესაუბროთ და მოვუსმინოთ პოლიტიკურ სუბიექტებს და გავიგოთ მათი შეხედულებები. ამასთან ერთად, კიდევ უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ უშუალოდ არჩევანი და არჩევნების შედეგის სანდოობა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არა ოდირის. მე სწორედ ამას გავუსვი ხაზი და შეხვედრის მონაწილეებს ისიც ვუთხარი, რომ იქ, სადაც - მათი აზრით - დამატებით მოკვლევაა საჭირო, პროცესი უნდა გაგრძელდეს ყველა არსებული ინსიტიტუციის ჩართვით.   

_ ინფორმაციის გაცვლა იყო მიზანი თუ რჩევაც მიეცით?

_ ჩვენი ამოცანა იყო მათი მოსმენა


_ როგორ ჩაიარა შეხვედრამ?

_ მთლიანობაში კარგად, საკმაოდ არაფორმალური იყო ვითარება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გარემოში მათი პერსპექტივის დანახვა. 

_ გეგმავთ თუ არა, ან იქნებ უკვე შეხვდით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს?

_ ჩვენი ორგანიზაციის კარები ღიაა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით პროცესის ყველა იმ მონაწილეს, ვინც მოისურვებს, რომ საკუთარი აზრი ისევ გაგვიზიაროს. მე 6 კვირაა აქ ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე მოქმედი ორგანიზაციების წამომადგენლების  მაღალი მზაობა, მათი ღია დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ასე რომ, არაერთი შეხვედრა გვქონდა და გვაქვს დაგეგმილი, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე პროცესის სხვა მონაწილეებთან.  

_ მეორე ტური ჩანიშნულია 21 ნოემბერს, თქვენ იქნებით აქ, რომ მეორე ტურს დააკვირდეთ?

_ არა, აქ არ ვიქნებით, მაგრამ არა იმის გამო, თუ როგორი იყო პირველი ტური. ეს წელი არჩევნებით დატვირთული პერიოდია ბევრ ქვეყანაში და ამიტომ, ჩვენი კალენდარი გადატვირთულია. ჩვენ კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით, თუმცა ხვალ დიდი არჩევნების დღეა შტატებში, ასევე გადამწყვეტი არჩევნები გვიახლოვდება კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში და რამდენადაც ჩვენი რესურსები შეზღუდულია, ჩვენ კიდევ საქართველოში რამდენიმე დღე დავრჩებით და შემდეგ დავტოვებთ ქვეყანას. გეგმის თანახმად, 8 კვირაში გამოვაქვეყნებთ შემაჯამებელ დასკვნას და რეკომენდაციებს. 

_ კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, სწორად გავიგე რომ მეორე ტურს არ დააკვირდებით?

_დიახ.

_ ეს ნაწილობრივ  პანდემიასაც უკავშირდება?

_ არა მხოლოდ პანდემიას. თუმცა, ეპიდემიამ შეგვიქმნა გარკვეული შეფერხებები გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. განსაკუთრებით პრობლემური იყო ის, რომ დღესდღეობით რთულია ადამიანებისთვის მოგზაურობა. ამის მიუხედავად 27 დამკვირვებელი ხანგრძლივად იყო მოვლენილი საქართველოში, 50 პარლამენტარი ჩამოვიდა 3 სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოდან, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს დაკვირვებოდა პროცესებს. უნდა ავღნიშნო, რომ მათი მონაწილეობა და მათი პოლიტიკური როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო არჩევნების დაკვირვებისას.

_ დიდი მადლობა ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომ უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს. გმადლობთ, რომ აირჩიეთ "რუსთავი 2" იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში გაგეკეთებინათ კომენტარი.

დღის ამბები