29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"აქამდე უნდა მომეხსნა ეს სამაჯური" - ნიკა მელიამ 70 000 ლარის გირაო 50 დღეში უნდა გადაიხადოს

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 50 დღეში 70 000 ლარის გირაო უნდა გადაიხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, თუ მელიამ სადმე წასვლა დააპირა, მან საზღვრის კვეთის შესახებ პროკურატურას წინასწარ უნდა აცნობოს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ კარგად იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა მისი მხრიდან იმას, რომ მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გაზარდა გირაოს თანხის ოდენობა 30000 ლარიდან, 70000 ლარამდე.

რაც შეეხება სხვა დამატების შეზღუდვებს, ეს შეზღუდვები მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმებულია. ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს ნიკა მელია და გადაიხდის თუ არა გირაოს იმ თანხას, რომელიც მას მოსამართლემ განუსაზღვრა დღეს, თუმცა პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს უძრავი ქონების უზრუნველყოფით.

"ნიკა მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გამკაცრდა და მისმა ოდენობამ საბოლოოდ 70000 ლარი შეადგინა. დამატებით ღონისძიებებს რაც შეეხება, დამატებითი ღონისძიებების ნაწილში ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. მას აქვს გადახდის ვადა 50 დღე. შეუძლია ეს უშუალოდ მან, ბრალდებულმა, ფულადი თანხით გირაოს სახით, ასევ უძრავი ქონების უზრუნველყოფა, ასევე ნებისმიერმა პირმა მის სასარგებლოდ," – აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამ პროცესებმა აჩვენა, რომ მას ელექტრონული სამაჯური ბევრად ადრე უნდა მოეხსნა.

"ყველა ადამიანს, ვისაც სამაჯური უკეთია, ნებისმიერმა ადამიანმა რომ მოიხსნას, დიახაც, ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, რაც მოუწიათ მათ ჩემთან მიმართებაში, ანუ უფლება აღარ უნდა დაიტოვონ, რომ დაავალდებულონ ახალი სამაჯურის გაკეთება. ერთადერთი, რასაც ვნანობ, რომ აქამდე უნდა მომეხსნა ეს სამაჯური," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები