29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა - ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

 შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც მათ საპარლამენტო მანდატებზე უარს განაცხადეს. ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებს, არ ცნობენ ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

"2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ "დე იურე" და "დე ფაქტო" არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება",  - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.  

დღის ამბები